ავტომობილი

18.08.2009
გზებზე დაღუპული ბიჭების ხსოვნას

საუკუნის წინ, კეთილ მიზნით ფორდის “შობილი”,
დღეს ბოროტი და მკვლელი გახდა ავტომობილი.
შვიდას კაცამდე დაღუპული ჩვენში ყოველ წელს,
დედები მათი, ― საფლავებზე გადამხობილი.

მისი კომფორტი და სისწრაფე ხშირად შხამია,
საიქიომდე დროის გავლა ზოგჯერ წამია,
ხომ ცნობილია შეგონება ― ქვეყნად არავის,
აჩქარებით რომ სოფელი არ მოუჭამია.

მძლავრი ქვეყნების შექმნილი და წარმოებული,
ავტობანებზე დაგეგმილი და მორგებული,
ჩვენს “ურმის” გზებზე ვინც მოძრაობს ასეთ სიჩქარით,
ნაღდად გიჟია, ანდა თავზე ხელაღებული.

ამას ამძიმებს ქართველების “ლაღი” ბუნება,
წესების მიმართ “უნდობლობის” დიდი ცდუნება,
შედეგიც არის სავალალო, კატასტროფული,
გზებზე სიკვდილი ― სახლში უკან ვერ დაბრუნება.

ავტომობილის კიდევ ერთი “დამსახურება”
ჰაერი ჭვარტლით, კვამლის ფენით რომ იბურება,
იმდენი სივრცე უკავია ქალაქში “რკინას”,
ძნელია ჩვენი უვიცობის მშვიდად ყურება.

კაცობრიობა უკვე კარგად აცნობიერებს,
ნავთობის ძრავა ჭირად ექცათ დღევანდელ ერებს,
იმედის თვალით ელოდება ელექტრომობილს,
ავტო-გიგანტებს სახეს უცვლის, ანდა აჩერებს.