ექიმი

14.01.2014
ეძღვნება ჯუბა ფარცახაშვილს
 და დავით მეტრეველს.

უფლის ხატებად თიხისაგან გამოძერწილი,
ადამ და ევამ გზა ირჩიეს არაკეთილი,
„გახდი მოკვდავი,გამრავლდი და მიწად იქეცი,“
ღმერთმა ედემში მათ ყოფნაზე დასვა წერტილი.

დედამიწაზე თუ საერთოდ აქვს რამეს ფასი,
არა მგონია სიცოცხლეზე იყოს ძვირფასი,
ყველა ცოცხალი სიკვდილს ებრძვის თავგანწირულად
გადარჩენისთვის, თუ აქვს თუნდაც მცირედი შანსი.

ღმერთმა სიკვდილის გამგებელად დასვა სატანა
მას დაევალა უპირობოდ ყველას წაყვანა
ისიც ასრულებს თავის საქმეს მარადიულად
როცა მარცხდება მას დროებით, უჭირს ატანა.

ადამიანთა შორის არის, კატეგორია
სიცოცხლის აზრი მათი ჩვენზე ბევრად სწორია
ექიმი ებრძვის სიკვდილს ყველგან და ყოველ დროში
ასეთივეა მედიცინის პრეისტორია.

ადამის მოდგმას ემუქრება მრავალი ჭირი
ინფარქტი, კიბო, შიდსი, წნევა თუ კოხის ჩხირი,
ამას ებრძვიან ექიმები მთელ მსოფლიოში
პასტერ-ფლემინგის მსგავსი ბევრი უცნობი გმირი.

კოლხი მედეას პირდაპირი შთამომავლები
ფიცით შეკრული ჰიპოკრატეს ჯარისკაცები
ქართველებს გვყავდა ექიმები მსოფლიო დონის
არც დღეს არიან ქირურგები სხვაზე ნაკლები.

განგრენის სახით მე დამეცა ელვა და მეხი,
სატანამ ჩართო წასაყვანად თავისი წნეხი,
ამ გამოწვევას ღებულობენ ჯუბა და დათო
გადამარჩინეს თუმცა მომჭრეს ორივე ფეხი

როცა ხედავენ კაცს მომაკვდავს და სასო მიხდილს
შედიან იმის სხეულში და ებრძვიან სიკვდილს
ჭრიან-კერავენ სკალპელით თუ ლაზერის სხივით
მიქელა ამ დროს „დაბოღმილი“ქვას თავში იხლის.

ექიმს არა აქვს უფლება რომ იყოს ორგული
მკურნალისათვის შეცდომაა კატასტროფული
ღმერთმა გვიმრავლოს ექიმები მაღალი დონის
ხალხის ნდობით და სიყვარულით გარემოცული.