ხელოვნება

09.03.2010

ვინ შექმნა?! – არის ცოდნის დიდი უკმარისობა,
ხშირ შემთხვევაში უიმედო უკუნისობა,
დარჩა შედევრი, ღვთაებრივი, სრულყოფილებით,
დრო გაქრა მისთვის და ჩამოდგა მარადისობა.

თვითგამოხატვის მძაფრი ვნების ყველა მცდელობა,
ხატვა, მუსიკა, ქანდაკება, გინდაც ხელობა,
რაც ლამაზია გვეჩენება სრულყოფილებად,
ღმერთს გვაახლოვებს სილამაზის მომნუსხველობა.

ნილოსის ჯგუფი, ვენერა თუ ლაოკოონი,
სამიათას წელს მოითვლიან მათი დროონი,
დღესაც დგანან და ანცვიფრებენ თავზარდამცემად,
თუმც გაქრნენ მათი ხალხები და სამეფოონი.

სმა-ჭამა, ქალი, მეგობრები, მდიდრის დროება,
გენიოსისთვის “ტანჯვაა” და ამაოება,
ისინი მსგავსად იაკობის “ებრძვიან” ღმერთებს,
სრულყოფის შექმნის ვნება არის მათი ცხოვრება.

აღორძინების ტიტანების მძლავრი გენია,
მიქელანჯელო ყველასია, როგორც შენია,
და-ვინჩი, დანტე, რუსთაველი და “ძმანი-მათნი”,
კაცობრიობის – სილამაზით გადამრჩენია.

მაინც რა არის ხელოვნება და სილამაზე?!
იგი მაღლა დგას ყოველდღიურ ყოფის დრამაზე.
საზრდოა სულის, სიკეთის და მშვენიერების,
ზეშთაგონების წყარო არის ამ ქვეყანაზე.