18.02.2013
აისბერგივით მძიმე სენმა გამსრისა თითქმის,
ქვეშმოქცეული, ის ცხოვრობსო, ჩემზე არ ითქმის,
სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე შემაგდო ბედმა,
ყოფნა-არყოფნის ბნელი აზრი ძაღლივით მჯიჯგნის.
წავიდა უკვე ჩემი დრო და ჩემი თაობა,
დამრჩა მუდმივი ტკივილი და უმოძრაობა,
„ყოფნა წრუწუნ ჯან“ – იდუმალი ვიღაც ჩამძახის,
ვერ უძლებ ტანჯვას? — არყოფნაა მაშინ სხვაობა.
მე აღარ დამრჩა სიხარული მარდად გაქცევის,
არც მეგობრებთან მხიარულად ჭიქის აწევის,
ქალთან საამო გაჟრჟოლებაც წარსულს ჩაბარდა,
დამრჩა მომავლის უნდობლობა, შიში წაქცევის.
ვიცი შემთხვევით მოვევლინე მე დედამიწას,
მტრულ სამყაროში რომ ვერავინ მე ვერ დამიცავს,
სიცოცხლე არის დროებითი ყოფნის ზეიმი
ზეიმის ბოლოს ყველა ავსებს საფლავს თავისას.
ნეტავ შემეძლოს ავიკიდო ყველას ტკვილი,
აღარ ისმოდეს ამოდენა ურვა- ჩივილი,
დღესვე წავიდე „ჯოჯოხეთის“მოუსავლეთში,
თუ დამიჯერებთ, ასეთი მაქვს სულის ყივილი,
ბედნიერია ვისაც სჯერა უკვდავი სულის,
დიადი ქრისტეს სასუფევლის დღესასწაულის,
ვერ ავაშენე მე ჩემს გულში რწმენის ტაძარი
ალბათ ამიტომ ძრწოლა მიპყრობს მე დასასრულის.
სიკვდილ მისჯილნო ბედისაგან! – ბოროტი სენით
ვებრძოლოთ ურჩხულს ყველა გზებით, იმედით, რწმენით,
მერე რა – ვიცით დამარცხება გარდუვალია,
უფალი გვიხსნის, ტანჯვისაგან ცაში გაფრენით.