დედა

10.03.2015

“ვაიმე დედას” ვიძახით როდესაც გაგვიჭირდება,
ეს მაგიური სიტყვები, ყოველთვის იმედს გვპირდება,
მიწა, ენა და ქალაქი დედის სახელით იწყება
უკვდავი, მარადიული დედის ხატს უკავშრდება.

შექსპირი როცა დედაკაცს, არარაობას ადარებს,
ქალებზე განაწყენებულ, კაცებს ეს სიტყვა ახარებს.
სიცოცხლის შექმნის პროცესებს, უშუალოდ ქალი აგვარებს,
უნდა? სხეულთან მიგიშვებს, არ უნდა არც მიგაკარებს.

ცხრა თვე პირველი სახლია, ჩვენივე დედის სხეული,
ჩვენი პირველი საკვები დედის რძე გამორჩეული,
მერე ცხოვრება გზა-შარა ამაოებად ქცეული,
მერე სიკვდილი-ღმერთისგან, რადგან ასე ვართ წყეული.

დედა-შვილობის სიყვარულს, ქვეყნად არა ჰყავს ბადალი,
თავგანწირულად მზურნველი, დედა შვილებთან მართალი,
ღმერთობა, მამაზე უფრო, მემგონი დედას უხდება,
რადგან იგია თუ მკითხავთ, სიცოცხლის მთავარსარდალი.