დრო

05.04.2011

შემოქმედია ამ სამყაროს წარმომშობელი
დროის მდინარე – უსასრულო, შეუცნობელი,
წუთი, საათი, საუკუნე, ათასწლეული,
ყოვლის შემქმნელი და ასევე დამამხობელი.

მზე, პლანეტები, ვარსკვლავები – ყველა სხეული,
უკიდეგანო სივრცეშია მიმოქცეული,
ქვეყნად ყოველი – ცოცხალი თუ არაცოცხალი,
დროის და სივრცის “ხაფანგშია” გამომწყვდეული.

ნიუტონამდე დროს შესწავლა ძალზე მწირია,
მან თქვა – დრო ყველგან სამყაროში ერთნაირია,
გენიალური ფორმულებით ზუსტად ამოხსნა,
სხეულებს შორის სამყაროში რა კავშირია.

მერე მოვიდა მისი მსგავსი აინშტაინი
დროსა და სივრცეს შეუცვალა მან დიზაინი,
თქვა – თუ კაცია “შემომჯდარი” სინათლის სხივზე,
დრო შემცირდება, გამრუდდება როგორც “საინი”.

ვინც დაიბადა, ბოროტია თუა კეთილი
დროის “ციხეში” ვართ სუყველა გამოკეტილი,
როდის მთავრდება “პატიმრობა” განგებამ იცის
დრო “იმუშავებს” რომ არ დარჩე აღარც წერტილი.

მეც მიმაქანებს უსასრულო დროის დინება,
თავს ვიქცევ, სანამ საბოლოოდ “დამეძინება”
“ამაოება, ამაოთა, არის ამაო”
მე ამ სიბრძნეზე მეტირება, თან მეცინება.

დრო გაფრენილი არასოდეს არ დაბრუნდება,
ერთ მდინარეში კაცი ორჯერ ვერ შეცურდება,
ცარიელდება ჩემი დროის “ოქროს ყულაბა”,
დრო მაქვს იმდენი, მიცვალებულს რომ “შეშურდება”.

ხშირად მაქვს ჩემგან გაფლანგული დროის ტკივილი,
მერე რა?! – ვიცი უაზროა ამის ჩივილი,
მე ის მაწუხებს დარჩენილი რაში დავხარჯო,
ალბათ ეს არის ყველა კაცის სულის კივილი.