თბილისის ომი 1992

16.01.1992

ისტორიული კანონების მძიმე ნაჯახმა,
ხე „ბოროტების იმპერიის“ დასცა თავდაღმა,

ხეს ჭრიდა რონალდ რეიგანი, „მიშკა“ და „შევო“,
ჩვენს ტოტზე ჩიტი აწრიპინდა მოვჭერი მეო.

აგვიყოლია სხვა ჩიტებიც, შენცა და მეცა,
იმდენი ვქენით, სანამ ეს ხე ზედ არ დაგვეცა.

სხვა ხალხები კი იჯდნენ წყნარად თავის ბუდეში,
ხის ჭრას აუღეს აზრიანი ალღო და გეში,

წაქცევის მერე თავს უშველეს სისხლის გარეშე,
ჩვენ კი ავტეხეთ ერთმანეთის ხოცვა-თარეში.

მტრობამ წაგვართვა ჩვენ მომავლის განჭვრეტის ნიჭი,
ერის მამობას იჩემებდა მრავალი „ბიჭი“.

უბედურება ჩვენი ზუსტად მაშინ დაიწყო,
როცა ფაფხური „ეროვნული“ ასად გაიყო.

ასი პარტია, ასი კრება – ასი ბელადი,
აჰა შედეგიც! – უკვე ვზივართ ლაფში ყელამდი.

ოც-ოცი კაცით ყველამ შექმნა თავის „ჯარია“
იმათ „სარდლებთან“ სააკაძე მიმიქარია.

და გამალებით შეიძინეს თოფ-იარაღი,
საძებნი გახდა – პური, ნავთი რძე და კარაქი.

გაიპო ერი, როგორც ორი მტრული ბანაკი,
იყო უწყვეტი მიტინგები, ლანძღვა-ლაქლაქი.

მერე დაიწყეს ერთმანეთში ბრძოლა-ქიშპობა,
– საქართელოში ვის ეკუთვნის პირველ-ბიჭობა.

რომ გაერკვიათ, მჯობნი მათში იყო ვინ-ვისი,
ბრძოლა გამართეს „რუსთაველზე“ დაწვეს თბილისი.

ორთავე ამბობს, – ერისათვის ვქენითო ესო,
სიბრძნე ღაღადებს „იმკი იმას რასაც დასთესო“.

ითესებოდა ბილწი სიტყვა, შური და მტრობა,
რისი გატანა, რისი ნდობა, რისი დანდობა?!

მოვიგეთ რამე?! ̶ ტანჯვისაგან ყველას აღმოხდა,
როგორ მოვედით აქამდეო! ̶ ნეტავ რა მოხდა?!

მომიტინგეებს ყბედობისგან გაუწყდათ ქანცი,
ქვეყნის ჭაპანს კი ეწეოდა მშრომელი კაცი.

და ეს კაცები, რომ დღითიდღე ნაკლები რჩება,
ასეთ ქვეყანას როგორ ფიქრობთ, ექნება შვება?!

თავი და თავი ბოროტების არის ამაში,
ყველა უქნარა რომ დასახლდა დედაქალაქში.

გოგო-ბიჭები, უვიცები განსაკუთრებით,
ყველა რომ არის აღჭურვილი სწავლის უფლებით,

დიპლომისათვის ხომ სადღაცა სწავლობს სულყველა
მშობელს კი სჯერა, ცოდნის „ყიდვით“ შვილს რომ უშველა.

„თუ დიპლომი გაქვს, ხომ უფროსად სადღაც შეძვრები,
რომ არ ეტკინოს მუშაობით ჩემ შვილს გვერდები“.

და შეიძულეს ქართველებმა ბეჯითი შრომა,
მაშინ როდესაც უნდა იყოს ცხოვრების ზომა.

უცოდინარი, თან უქნარა, დიპლომით ხელში,
კაცია ვითომ?! – იგი არის ცოცხალი ლეში.

ხარივით შრომა ყველა კაცურ-კაცის ვალია,
მიტინგებისთვის მას ნამდვილად არა სცალია.

ჩვენ კი ყოველდღე მიტინგებზე ჩვენი ამალით,
ვაშენებთ სოფელს, როგორც სულხან-საბას მამალი.

„ფურთხის ღირსი ხარ საქართველოვ“ – ნაღდად ნამდვილად,
დედაქალაქი რომ გადაწვი ასე ადვილად.

ერაყი მოსპო ამერიკამ ამ დონის მსხვერპლად,
შენ კი აქციე „რუსთაველი“ ნაგვად და ფერფლად.