25.03.2011
ოცდამეერთე საუკუნე, ცათამბრჯენები,
დედამიწაზე არნახული აღმოჩენები,
კომპიუტერის “ტყვეობაში” მთელი პლანეტა,
ჩვენს ქვეყანაში ასწლიანი ჩამორჩენები.
ომის შემდგომი საქართველო, ფერები რუხი,
სადაც მივდექი, გზა ვერ ვნახე, ყველგან მარწუხი,
აუტანელი განცდა იმის, რომ ვარ “ზედმეტი”,
როგორ ვიცხოვრო?! – ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი.
ვარ ახალგაზრდა, არც არაფრით გამორჩეული,
არ მომწონს ჩემი არც გონება და არც სხეული,
განწირული ვარ უბადრუკი არსებობისთვის,
“კაი ბიჭების” მანტიაში გამოხვეული.
ეშმაკისა და ღმერთის ნების მე ვარ “კრებული”,
ამის გამოა – სული რომ მაქვს გაორებული,
როცა გონებას გული ჩაგრავს და მიმორჩილებს,
მაშინ ეშმაკი არის ჩემში გამარჯვებული.
მე მძულს მრავალი ტანჯვის წყარო – ჩემი სხეული,
ცოდვა გველივით ტანზე რომ აქვს შემოხვეული,
ძალა მაკლია, ჭაობს თავი რომ დავაღწიო,
ამის გამოა, სული რომ მაქვს მე შერყეული.
ბევრი არ ვიცი, მაგრამ ეს კი დამეჯერება,
დღეს მსოფლიოში ფული არის “ბედნიერება”
ვინც ჩემნაირი სუსტია და ხელმოცარული,
რა დაგვრჩენია?! – ოცნებათა გადამღერება.
ძილის წინ, როცა რეალობას გავეთიშები,
ქრება მტანჯველი პრობლემები, ქრება შიშები,
ფრინავს ფიქრები, ოცნებათა ოკეანეში,
ფერად-ფერადი ზმანებებით “ნავარჯიშები”.
წლები რომ იყო ოცნებაში, გინდა ლოცვაში,
ვერ გამდიდრდები მათხოვრების გარემოცვაში,
როცა იხრჩობი, არ გიშველის – “ღმერთო მიშველე!”
გადარჩენაა – თავგანწირვით მკლავის მოსმაში.
მე წარმატებულ თანატოლებს თავს როცა ვადრი,
ვინც მოახერხა ცხოვრებისთვის მიეცა აზრი,
დეპრესიაში მაგდებს ჩემი უმოქმედობა,
უნდა მოვგლიჯო ჩემ ცხოვრებას ეს შავი “ჩადრი”.