მიზანი

20.08.2009

მიზანი თუა ― ის ამართლებს მის საშუალებას.
ასე იწყებდნენ ომებს, ძარცვას, ტანჯვა-წვალებას,
მაიკიაველს მიაწერენ ამ ვერაგ სიტყვებს,
ის არ გულისხმობს მოწყალებას ან შებრალებას.

დიდი მიზანი ცაში აგწევს ― “ხდები” არწივი,
მიზანი თვითონ სიცოცხლეა ― ღირსი, ხანგრძლივი,
უმიზნო კაცი ― უნიჩბებო ნავია ზღვაში,
გენიალური მიზანი კი არის “მარტივი”.

მზეს უნდა შეხვდე მოჭიმული, როგორც ზამბარა,
გრძელი გზა კაცმა ნაბიჯ-ნაბიჯ ფეხით დაფარა,
ქვის ქვაზე წყობით აღიმართნენ პირამიდები,
რაც არის დიდი ― დასაწყისში იყო პატარა.

როცა არ გაწვიმს, ჯანმრთელი ხარ, თანაც არ გშია,
კაცის ღირსება სწორი მიზნის არჩევაშია.
“არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს”
ჭეშმარიტება “სოფლის” მოვლა-შენებაშია.