“ყოფნა – არყოფნა”

20.12.2011

ბავშვობა, მერე სიჭაბუკე, მერე ასაკი,
მერე პირქუში სასაფლაოს მკვდრების ბანაკი,
სულმა დატოვა სხეული და მტვრად იქცა იგი,
როგორც მიწაზე დამსხვრეული ბროლის ლარნაკი.

ეს გზა ყველასთვის გასავლელი – უფლის “ვალია”,
განურჩეველად – ვინც ცრუა და ვინც მართალია,
შემთხვევით არის მოხვედრილი კაცი “ყოფნაში”,
და დაბრუნება “არყოფნაში” – გარდუვალია.

გუშინ ჩვენ ძმაკაცს “დავახურეთ” მიწის საბანი,
ის იყო კაცი კაცური და ჭირში გამტანი,
მას აღარ სტანჯავს ზმანებები “ყოფნა-არყოფნის”
ჩვენთვის რომ არის მძიმე ფიქრთა განსჯის საგანი.

კარგი ძმაკაცი მოუკვდება სხვასაც, ჩემსავით,
მეგობრის ტანჯვა გააშეშებს მასაც ხესავით,
უსუსურობის განცდა არის აუტანელი,
გინდა შველა და გზას ვერ ხედავ, ირგვლივ ვერსაით.

რჩება ნუგეშად – უფალს ვთხოვოთ მისი ცხონება,
ვერ შესძლოს ეშმამ მისი სულის “დაპატრონება”
ცოდვილი სული ადგილს ეძებს მარადიულში,
ღმერთმა აღირსოს სასუფევლის გასხივოსნება.